Skip to main content

პიკასო

პაბლო პიკასოს სრული სახელი და გვარია პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო.
სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამიანსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმს ყველაზე უკიდურეს ცდებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.
10-იანი წწ. შუა ხანაში პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში „აპერატივის ბოთლი“, კოლაჟი, 1913 და დეკორატიულობის „სამი მუსიკოსი“, 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდეციები ე. წ. ნეოენგრიზმი, რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა „სამი ქალი წყაროსთან“, 1922, სამხატვრო მუზეუმი, ბალტიმორი და სხვა. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება. 10-იანი წწ. დასასრულს მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები, ნახატები „მეთევზე“, ფანქარი, 1919, „გლეხები დასვენების დროს“, კალამი, 1919. 20-30-იანი წწ. ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან, ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან „ცეკცა“, 1925, კერძო კუთვნილება; „ქალი პლაჟზე“, 1930, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.
30-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში პროტესტის სახე მიიღო „მტირალი ქალი“, 1937, პენროუზის კორექცია, ლონდონი; „კატა და ჩიტი“, 1939, კერძო კუთვნილება. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია, იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39. ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები: „გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე“ აკვანტიტა, 1937. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო „გერნიკა“ 1937, პრადო, მადრიდი, სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი. 1944-იდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.
II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში: „მშვიდობის მტრედი“ ტუში, 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; „ომი და მშვიდობა“ 1952, „მშვიდობის ტაძრის“ კაპელა ვალორისში. 40-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია: მუშაობდა როგორც მოქანდაკე „კაცი კრავთ“, ბრინჯაო, 1944, სტატუა ვალორისში, კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა, გრაფიკოსი ნახატები, ოფორტები, ლინოგრავიურები, ლითოგრაფიები და სხვა; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი „ადამიანური კომედია“, 1953-54 და სხვა. ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი, კორიდა, ანტიკური მითოლოგია. დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.
პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით; მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში. მხატვარმა რთული გზა გაიარა. იგი მდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს, იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.
1950 პაბლოს აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.

Comments

Popular posts from this blog

პეტერ პაულ რუბენსი

პეტერ პაულ რუბენსი ფლანდრიელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა ფლანდრიელ ემიგრანტთა ოჯახში. 1589 წლიდან რუბენსი  ანტვერპენში  ცხოვრობდა, სადაც მრავალმხრივი ჰუმანისტური განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერას სწავლობდა პეიზზაჟისტ ტ. ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაში გაატარა, უმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზე. იყო რომში, ვენეციასა და გენუაში; სწავლობდა  მიქელანჯელოს ,  რაფაელის ,  ტიციანისა  და  კარავაჯოს  შემოქმედებას, აქტიურად ეცნობოდა თავისი ეპოქაში შექმნილ ნამუშევრებსაც. იშვიათ ოსტატობას აღწევს ადამიანის შიშველი სხეულსა და მდიდრული სამოსელის ფაქტურის გადმოცემაში. ანტვერპენში დამკვიდრების შემდეგ პირველ ხანებში ასრულებდა მუნუმ-რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20 წლებს მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრი. რომლებშიც მისმა ხელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია: ”პერსევსი და ანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება ”, “ მთვრალი სილენე”, “ ამორძალთა ბრძოლა”, “ნადირობის სცენები”, გრანდიოზული დეკორაციები, კომპოზიციები, რომლებიც შესრულებული იყო ევროპაში, სხვადასხვ...

რაფაელ სანტი

რაფაელმა ადრეულ ასაკში დაკარგა თავისი მშლობლები. დედამისი მარჯი ჩარლა გარდაიცვალა 1491 წელს, ხოლო მამამისი ჯოვანი სანტი — 1494 წელს. მამამისი იყო მხატვარი და პოეტი, ამიტომაც პირველი გამოცდილება რაფაელმა მამამისის სახელოსნოში მიიღო. რაფაელის პირველი ნამუშევარია  „მადონა ყრმით“ . აღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო რაფაელ სანტი. რაფაელი ებრაულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს.სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს, როცა 1483 წელს იქ დაიბადა რაფაელი. თავდაპირველად რაფაელს ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე ხდება. რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა, 17 წლის ასაკში ის უკვე ავტორია ნახატების „რაინდის სიზმარი“, „სამი გრაცია“ და „პერუჯინოს პორტრეტი“. 1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა ...

მიქელანჯელო

მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ  კაპრეზში  (ახლანდელი პროვინცია არეცო),  ფლორენციის  მახლობლად. დედამისი იყო ფრანჩესკა დე ნერი დი მინიატო დელ სერა. მას ხუთი შვილი ჰყავდა და გარდაიცვალა, როცა მიქელანჯელო მხოლოდ ექვსი წლისა იყო. მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო  დომენიკო გირლანდაიოს  სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში, ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ,  ლორენცო მედიჩის  ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, „კენტავრების ბრძოლა“ და „მადონა...